სტადიონი
სტემფორდ ბრიჯი
{title}
  • სახელი
    სტემფორდ ბრიჯი
    ტევადობა
    40.341
  • გახსნის თარიღი
    1877 წ
    რეკონსტრუქციის თარიღები
    1904,1905,1998
  • მინდვრის ზომა
    103.3 x 67.7 მ
    უეფას კატეგორია
    (მე-4 დონე)
  • "ბრიჯი" 1877 წელს, ლონდონის "ატლეტიკისთვის" აშენდა, მაგრამ მე-19 საუკუნის მიწურულს, 1896 წელს ჰენრი ავგუსტუს მირსმა და მისმა ძმამ, ჟოზეფმა შეიძინეს. თავდაპირველად, ფინანსური სარგებლის მოსაპოვებლად ძმებმა მოედანი ადგილობრივ კლუბ, „ფულემს“ შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და მირსების ბიზნეს იდეა დროებით ჩავარდა. მომავალში პოტენციური გაბანკროტების თავიდან ასარიდებლად ძმებმა "ბრიჯის" სარკინიგზო კომპანიისთვის მიყიდვა განიზრახეს, მაგრამ მირსის კოლეგის, ფრედ პარკერის დაჟინებული თხოვნით ყველაფერი სულ სხვანაირად წავიდა. საბოლოოდ, მთელი რიგი პროცესების შემდეგ გასმა "ჩელსი" შექმნა და ინგლისის "მარგალიტის" საკადრისად გამოყენება გადაწყვიტა.

    ამის შემდგომ სტადიონი ინტერნაციონალური მატჩების ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ საწყის წლებში "ბრიჯით" არც ერთი კლუბი არ ინტერესდებოდა და მას რკინიგზის ერთ-ერთი პატარა სადგური ქვანახშირის შესანახად იყენებდა, მაგრამ ძალიან მალე "ჩელსის" სტადიონი ინგლისის საუკეთესო მოედანთა სიის სათავეშიც მოექცა. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "სამეგობრო მისიით" ჩამოსული მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელები არა სხვა რომელიმე სტადიონზე, არამედ "სტემფორდ ბრიჯზე" ათამაშეს. ეს იყო მატჩი, რომელიც მოკავშირეებმა მეგობრობის ნიშნად გამართეს და მეგობრული ანგარიშით 3:3 დაამთავრეს.

    "ჩელსის" სტადიონი ცნობილმა არქიტექტორმა, არჩიბალდ ლიჩმა დააპროექტა. მის სახელს ეკუთვნის ისეთი მოედნების მშენებლობა, როგორებიცაა: "იბროქსი", "სელტიკ პარკი", "კრავენ კოტეჯი" და სხვანი. "სტემფორდ ბრიჯის" ტევადობა 100,000 გახლდათ, რაც მას ინგლისში მეორე ყველაზე დიდი სტადიონის სტატუსს ანიჭებდა. თავიდან, "ჩელსის" სტადიონზე, ჩვენი "დინამოს" მსგავსად, სარბენ ბილიკსაც შეხვდებოდით, ოღონდ ის ბევრად უფრო დიდი გახლდათ, ვიდრე უშუალოდ საფეხბურთო მოედანი.

    1970 წელს მფლობელებმა სტადიონის განახლება გადაწყვიტეს და მასში საკმაოდ დიდი თანხები დააბანდეს. მიუხედავად განახლებისა, "ბრიჯზე" მაინც დარჩა სარბენი ბილიკი და რამდენიმე ისეთი ნიუანსი, რომელსაც დღევანდელ მოედანზე ვერ შეხვდებით. სამწუხაროდ, გაწეულმა ხარჯებმა გუნდი ფინანსური კრიზისისკენ წაიყვანა, კრიზისმა კი "ჩელსი" მეორე დივიზიონში დააქვეითა. გართულებული მდგომარეობის გამო მირსმა "ლურჯები" კენ ბეითსს სიმბოლურ თანხად, 1 ფუნტად მიჰყიდა. სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილი უკვე კარგა ხანია მეთიუ ჰარდინგის სახელს ატარებს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ფინანსური წყალობა გაიღო და გუნდს ტრანსფორმაციის პერიოდში გვერდში დაუდგა. ის 1996 წლის 21 ოქტომბერს ავიაკატასტორფაში გარდაიცვალა - სწორედ ამ ამბის შემდეგ ჰქვია მისი სახელი "ბრიჯის" ჩრდილოეთ მხარეს

    ყველასთვის ცნობილი შედ ენდი "ბრიჯის" სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. თავიდან ის ცნობილი იყო Fulham Road End-ის სახელით, მაგრამ ქომაგებმა 30-იან წლებში მას შედ ენდი შეარქვეს. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე გულანთებული და ხმაურიანი გულშემატკივრები იყრიან თავს. მოედნის სამხრეთ ნაწილი ისტორიულად იმითაცაა გამორჩეული, რომ, სწორედ შედ ენდის პირდაპირ, პენალტის ნიშნულთან დამარხულია კლუბის ლეგენდის, პიტერ ოსგუდის ფერფლი.

    "სტემფორდ ბრიჯის" აღმოსავლეთით, სახურავზე ქარის მიმართულების მაჩვენებელი დგას. ხშირად, როდესაც ქარის მიმართულებაზე ვსაუბრობთ, გვახსენდება მეტალის სწორ ისარზე დამდგარი მამალი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ საიდან უბერავს ქარი. ლონდონის "ჩელსის" მიმართულების მაჩვენებელზე მამლის მაგივრად, გუნდის ყოფილი შემტევი ჯორჯ ჰილდსონია, რომელმაც 1910 წელს შეძლო და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც "პენსიონერების" ფორმით 100 გოლის გატანა მოახერხა.

    გუნდმა 2018 წელს ფართო საზოგადოებას "სტემფორდ ბრიჯის" მოდერნიზაციის ახალი და საკმაოდ საინტერესო გეგმა წარუდგინა. როგორც ცნობილი გახდა, "არისტოკრატები" კონსერვატიული გზიდან გადახვევას არ აპირებენ და სიახლეებთან ერთად სტადიონის დიზაინში კარგად ნაცნობი ძველი ელემენტების შეტანა სურთ. გადაწყვეტილია, რომ "ბრიჯის" ექსტერიერი ინგლისური ქვით მოპირკეთდება და გათვალისწინებული იქნება ის უმნიშელოვანესი დეტალები, რომლებიც ინგლისური არქიტექტურის ინდივიდუალიზმს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.