ისტორია


“ლურჯი ჩვენი ფერია, ფეხბურთი ჩვენი თამაში. ერთად ვართ და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. გაგვამხნევეთ წვიმასა თუ ქარში, რადგან ჩვენი სახელია „ჩელსი“

დაარსება

1896 წელს ჰენრი ავგუსტუს „გას“ მირსმა, ბიზნესმენმა და საფეხბურთო ენთუზიასტმა ძმასთან, ჯოზეფ მირსთან ერთად, დასავლეთ ლონდონში, კერძოდ ფულემში, საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად შეიძინა სტემფორდ-ბრიჯის ათლეტიკური სტადიონი. თავდაპირველად მირსებმა საშინაო თამაშების ჩატარება საფეხბურთო კლუბ „ფულემს“ შესთავაზეს, თუმცა კლუბის წარმომადგენლებთან იჯარის პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მირსები მოგვიანებით განიხილავდნენ სტადიონის მიყიდვის იდეას სარკინიგზო კომპანიისათვის, რომელსაც ქვანახშირის განთავსებისათვის ადგილი ესაჭიროებოდა. საბოლოოდ, ბიზნესმენისა და საფეხბურთო კლუბის პროექტით დაინტერესებული ფრედ პარკერის რჩევით, ძმებმა საკუთარი საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტეს.

„ჩელსი“ დაარსდა 1905 წლის 14 მარტს პაბში „The Rising Sun“, დღევანდელი ფულემ-როუდის შესასვლელის პირდაპირ. დაარსებიდან მცირე ხანში გუნდი საფეხბურთი ლიგის წევრი გახდა. კლუბის ადრეული წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. ყველაზე ახლოს „ჩელსი“ ტიტულთან 1915 წელს იყო, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში „შეფილდ იუნაიტედთან“ დამარცხდა. კლუბს ჰქონდა რეპუტაცია გუნდისა, რომელიც ცნობილ, ვარსკვლავ ფეხბურთელებს იძენდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი როლი ინგლისურ ფეხბურთში მცირე იყო.


პირველი წარმატებები 


პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პირველივე წელს, 1919-20 წლების სეზონში „ჩელსი“ მესამე ადგილზე გავიდა; ასევე, ასოციაციის თასის ნახევარფინალში გააღწია, სადაც „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა. 1923-24 წლების სეზონის შემდეგ „ჩელსი“ მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კლუბი უმაღლეს ლიგას 1929-30 წლების სეზონში დაუბრუნდა, საიდანაც მომდევნო 32 წლის მანძილზე აღარ გავარდნილა. ამ პერიოდში, ყველაზე ახლოს ტიტულის მოგებასთან ჩელსი 1932 წელს იყო: ასოციაციის თასზე კლუბმა წარმატებით დაძლია „ლივერპულისა“ და „შეფილდ უენსდის“ დაბრკოლებები და ნახევარფინალში დაძაბულ დუელში დამარცხდა „ნიუკასლთან“, მომავალ გამარჯვებულთან. შემდგომ წლებში, „ჩელსი“ პირველ დივიზიონში დარჩენისათვის იბრძოდა. 1932-33 და 1933-34 წლებში 2 ქულით, ხოლო 1938-39 სეზონში 1 ქულის სიახლოვეს ასრულებდა სეზონს გასავარდნი ზონიდან. თანდათანობით იზრდებოდა მაყურებელთა დასწრების მაჩვენებელი სტადიონზე. 1935 წლის 12 ოქტომბერს, ლონდონურ დერბის „არსენალის“ წინააღმდეგ დაესწრო 82 905 მაყურებელი.


1945 წლის ოქტომბერში, ახლად დასრულებული მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის მესვეურებმა კეთილი ჟესტის გამოსახატად მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მოსკოვის „დინამო“ ბრიტანულ ტურნეში, სადაც მათ შეხვედრები უნდა გაემართათ რამდენიმე ინგლისურ კლუბთან, მათ შორის „ჩელსისთან“. დაგეგმილი შეხვედრა 1945 წლის 13 ნოემბერს გაიმართა სტემფორდ ბრიჯზე. შეხვედრა, სადაც მასპინძლები 2-0 იგებდნენ, 3-3 დასრულდა. მატჩს დაახლოებით 100 000 მაყურებელი დაესწრო, ეს ითვლება სტემფორდ ბრიჯის აბსოლუტურ რეკორდულ დასწრებად.

 
ტედ დრეიკი


1952 წელს „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ცენტრ-ფორვარდი ტედ დრეიკი დაინიშნა. დრეიკმა კლუბის მოდერნიზება განახორციელა. მან შეცვალა კლუბის ემბლემა ახალი ლოგოთი, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემები, გააუმჯობესა „ჩელსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში არსებული მდგომარეობა. შედეგად გუნდმა შეძლო პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1954-55 წლების სეზონში „ჩელსი“ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი. იმავე წელს ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ უეფამ ჩემპიონთა თასი დააარსა, მაგრამ საფეხბურთო ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო „ჩელსიმ“ უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე. 1960-იან წლებში ტომი დოჰერტის თავკაცობით „ჩელსის“ ახალგაზრდა კოლექტივი რამდენიმეჯერ ახლოს იყო ტიტულის მოპოვებასთან სხვადასხვა ტურნირებში. 1964-65 წლების სეზონში გუნდი სამ ფრონტზე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. საბოოლოო ჯამში ჩელსიმ მხოლოდ ლიგის თასის მოგება მოახერხა, ასოციაციის თასზე და ჩემპიონატში დათმო ბრძოლები. 1970 წელს „ჩელსი“ ასოციაციის თასს დაეუფლა, დაამარცხა რა ფინალში „ლიდზ იუნაიტედი“ 2-1.


მომდევნო წელს გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირის მოგება. 1970-71 წლების სეზონში „ჩელსიმ“ თასების მფლობელთა თასი ფინალში „რეალ მადრიდი“დაამარცხა ათენში. გვიანი 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი „ჩელსის“ ისტორიაში მეტისმეტად ტურბულენტური აღმოჩნდა. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმის განხორციელებამ კლუბის ფინანსური სტაბილურობა შეარყია. ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდა და შედეგად კლუბი უძლიერესთა რიგებიდან გავარდა. გუნდს დეკადის მანძილზე გულშემატკივართა ხულიგნური ქცევების გადაუჭრელი პრობლემაც ჰქონდა. 1982 წელს „ჩელსის“ კრიზისმა პიკს მიაღწია. კლუბი ნომინალურ თანხად £1 კენ ბეითსმა შეიძინა. ამასთან სტემფორდ ბრიჯის ფრიჰოლდი უძრავი ქონების დეველოპერებზე გასხვისდა. შედეგები უარესდებოდა. 1983 წელს „ჩელსი“ გადარჩა მესამე დივიზიონში გავარდნას. 1983-84 სეზონში კლუბმა მოახერხა მეორე დივიზიონის მოგება და უძლიერესთან რიგებში აღზევდა, თუმცა მცირე ხნით. 1988 წელს გუნდი კიდევ ერთხელ დაქვეითდა. ამჯერად მხოლოდ ერთი სეზონით.



დიდი ბრძოლის შემდეგ, 1992 წელს, ბეითსმა, მას შემდეგ, რაც დეველოპერები გაკოტრდნენ, ფრიჰოლდის კლუბთან გაერთიანება მოახერხა. პრემიერლიგის პირველ სეზონებში ჩელსის გამოსვლა არადამაჯერებელი იყო. მიუხედავად ამისა 1994 წელს გუნდმა ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში. „ჩელსის“ ისტორიაში ახალი ეპოქა 1996 წელს დადგა, როდესაც მოთამაშე მწვრთნელად რუდ გულიტი დაინიშნა.


გუნდში რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჩაირიცხა. შედეგად ჩელსიმ 1997 წელს ასოციაციის თასის მოგება მოახერხა და გუნდმა ინგლისის წამყვან კლუბებში დაიბრუნა ადგილი. გულიტი ჯანლუკა ვიალიმ შეცვალა, რომელმაც „ჩელსის“ 1998 წელს თასების მფლობელთა თასი მოაპოვებინა. ამას გარდა იტალიელის მეთაურობით გუნდმა ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და 2000 წელს ასოციაციის თასი მოიგო. ვიალი მცირე ხანში დათხოვნილ იქნა და მის ადგილას ასევე იტალიელი კლუდიო რანიერი დაინიშნა, რომლის აქტივშიც 2002 წლის ასოციაციის თასის ფინალი და 2002-03 სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა გახდა.


აბრამოვიჩის ეპოქა

 

2003 წლის ივნისში „ჩელსი“ რუსმა მილიარდერმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა £140 მილიონად. ეს იყო იმ დროისათვის ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გარიგება. £100 მილიონზე მეტი დახარჯა ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ტრანსფერებში, თუმცა რანიერი უძლური აღმოჩნდა ტიტულის მოპოვებაში და იტალიელი 2004 წელს პერსპექტიული ჟოზე მოურინიოთი ჩაანაცვლეს. პორტუგალიელის მეცადინეობით „ჩელსი“ გახდა მეხუთე ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ შეძლო პრემიერლიგის მოგება 2004-05 და 2005-06 სეზონებში. გარდა ამისა მოურინიომ გუნდს მოაგებინა ასოციაციის თასი 2007 წელს და ლიგის თასები 2005 და 2007 წლებში. მოურინიომ „ჩელსი“ პრემიერლიგის ერთ-ერთ დომინანტ კლუბად აქცია.

2007 წლის სექტემბერში მაურინიოს ადგილას აბრამოვიჩმა ავრაამ გრანტი დანიშნა, რომელმაც „ჩელსის“ ისტორიაში პირველად გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო. შეხვედრა გუნდმა პენალტების სერიაში დათმო „მანჩესტერ იუნაიტედთან“. 2008 წლის ზაფხულში „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი იქნა მიწვეული. სკოლარიმ მხოლოდ 7 თვე გაატარა ლონდონში და მიუღებელი შედეგებისათვის გაათავისუფლეს. აბრამოვიჩმა დროებით გუნდი რუსეთის ნაკრების მოქმედ მწვრთნელს, გუს ჰიდინკს ჩააბარა. 2008-09 წლების სეზონში „ჩელსიმ“ დრამატულად დათმო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“, მოიგო ასოციაციის თასი. ფინალში, „ევერტონის“ 2-1 დამარცხებიდან ორ დღეში „ჩელსიმ“ მთავარ მწვრთნელად „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დანიშნა. პირველივე სეზონში იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. 1963 წლის შემდეგ „ჩელსი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 100 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში.



2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის და უტიტულო სეზონის შემდეგ კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იტალიელის ნაცვლად აბრამოვიჩმა ახალგაზრდა პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში დანიშნა. არასახარბიელო რეზულტატის ჩვენების გამო პორტუგალიელ მწვრთნელსაც მოუწია თანამდებობის დატოვება. იგი დროებით ჩაანაცვლა აპენინელმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ, რომლის ხელმძღვანელობაც კლუბისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა. კლუბმა მისი თავკაცობით მოიგო ასოციაციის თასი და გახდა 2011-2012 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.


2012-2013 წლების სეზონში, პრემიერლიგაში არადამაჯერებელი სტარტის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ვერგადალახვის გამო რობერტო დი მატეო კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა. მის მაგივრად კლუბის მწვრთნელის პოსტი დროებით დაიკავა ესპანელმა დამრიგებელმა რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც კლუბს მოაგებინა 2012-2013 წლების სეზონის ევროპა ლიგის თასი. 2013 წლის ზაფხულში „ჩელსიში“ სამუშაოდ დაბრუნდა ჟოზე მოურინიო. 2013-14 წლების სეზონი კლუბისთვის მეტნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა; ჩელსი სეზონის ბოლომდე ინარჩუნებდა პრემიერლიგის მოგების შანსს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია.


მოურინიო „ჩელსიში“ ანტონიო კონტემ შეცვალა, რომელმაც ახალი ტაქტიკური იდეები დანერგა. გუნდმა სამი ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში და 2016-17 წლის სეზონში წარმატებაც მოვიდა, „ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, ხოლო ერთი წლის შემდეგ - FA თასი, თუმცა კონტეს ეპოქა დიდხანს არ გაგრძელდა, იტალიელი კლუბის ხელმძღვანლობით უკმაყოფილო იყო, რასაც ფეხბურთელებთან კონფლიქტებიც დაერთო და იგი მეორე იტალიელმა, მაურისიო სარიმ შეცვალა. სარისთან ერთად „ჩელსიმ“ უეფას ევროპის ლიგის მოგება მოახერხა, 2019 წელს ბაქოში გამართულ ფინალში „არისტოკრატებმა“ „არსენალი“ 4:1 გაანადგურეს.

იტალიელების ეპოქა აბრამოვიჩმა „ჩელსიში“ მალე დაასრულა და  2019 წლის ზაფხულში კლუბის მესაჭის როლი ლეგენდარულ ფრენკ ლამპარდს მოარგო. სუპერ ფრენკიმ 2019-20 წლის სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, თუმცა წარუმატებელად დაწყებული სეზონის შემდეგ 2021 წლის იანვარში ლამპარდმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და მწვრთნელად გერმანელი ტომას ტუხელი დაინიშნა.

ტუხელის ეპოქა - მეორედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა და აბრამოვიჩის წასვლა


ტომას ტუხელის პირველი 6 თვე „ჩელსიში“ ნამდვილ ზღაპრად იქცა. ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „არისტოკრატებმა“ „ატლეტიკო“, „პორტუ“ და მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს, ხოლო ფინალში „მანჩესტერ სიტის“ შეხვდნენ. პორტუგალიაში გამართული შეხვედრა 1:0 დასრულდა „ჩელსის“ სასარგებლოდ, გადამწყვეტი გოლი გერმანელმა კაი ჰავერცმა გაიტანა. იმავე სეზონში „ჩელსიმ“ ინგლისის FA თასის ფინალში ითამაშა და „ლესტერთან“ დამარცხდა, ხოლო წლის ბოლოს უეფას სუპერ თასისა და საკლუბო მუნდიალის მოგება მოახერხა.


2021-22 წლის სეზონი ტუხელთან ერთად „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულა, ასევე წააგო ორი ფინალი „ლივერპულთან“ FA თასსა და EFL-თასზე. საბედისწერო ტომას ტუხელისთვის 2022-23 წლის სეზონის სტარტი გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზ ზაგრების „დინამოსთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ იგი თანამდებობიდან მოხსნეს, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტი „ბრაიტონის“ ყოფილ დამრიგებელს გრემ პოტერს ჩააბარეს.

2022 წელი „ჩელსისთვის“ მოულოდნელობებით იყო სავსე. უდიდესი წარმატების შემდეგ რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა კლუბი გაეყიდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე დასავლურმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა რუს ბიზნესმენებს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რაც აბრამოვიჩს საშუალებას აღარ აძლევდა „ჩელსი“ საკუთრებაში შეენარჩუნებინა. კლუბის ახალი მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენი ტოდ ბოელი გახდა, რომელმაც ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის სანაცვლოდ 4.25 მილიარდი ფუნტი გადაიხადა.