როგორც მოგეხსენებათ, ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ "ვესტ ბრომთან" მატჩის შემდგომ ვარჯიშზე, "ჩელსის" ფეხბურთელებმა იჩხუბეს.
The telegraphმა დაწერა, რომ ანტონიო რუდიგერი და კეპა არისაბალაგა ჯერ კიდევ თამაშის მიმდინარეობისას ლანძღავდნენ ერთმანეთს და კონფლიქტი მომდევნო დღესაც გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ რუდიგერის ჩხუბისთავობის ამბავს ბრიტანული ტაბლოიდები ჯერ კიდევ მაშინ იუწყებოდნენ, როცა "არისტოკრატებს" სათავეში ფრენკ ლამპარდი ედგათ.
ახალგაზრდა სპეციალისტის ლონდონური მოღვაწეობის ბოლო დღეებში, როცა დაძაბულობა პიკს აღწევდა, მოარული ჭორების თანახმად, ანტონიოსა და სეზარ აზპილიკუეტას ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი.
იმავე Telegraphის ცნობით, გერმანელს მხარს მარკოს ალონსო და ჟორჟინიო უმაგრებდნენ. ამ სამ ფეხბურთელს (განსაკუთრებით რუდიგერსა და ალონსოს) ის აერთიანებდა, რომ ფრენკს ისინი ღრმა სათადარიგოებად ჰყავდა განხილული.
აზპილიკუეტა ცდილობდა, რომ ძველ გვარდიასა და ლამპარდს შორის არსებული დაძაბულობა აღმოეფხვრა, თუმცა ეს ამბავი როგორც დამთავრდა, თქვენც კარგად იცით.
საერთო ჯამში, თუ რუდიგერის ნერვულ ქცევებს ერთგვარ ინდიკატორად გამოვიყენებთ, გამოჩნდება, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" არც ახლაა ყველაფერი იდეალურად და თომას ტუხელს მძიმე დღეები ელოდება.