ბლიცკრიგი გერმანულად - ტუხელის სამი მთავარი კოზირი

ბლიცკრიგი გერმანულად - ტუხელის სამი მთავარი კოზირი

მიმდინარე კვირა, რომელიც უკვე იწურება, "ჩელსის" ქომაგთათვის ავკარგიანი გამოდგა. ფანების საყვარელი ფრენკ ლამპარდი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. სეზონის მრისხანე სტარტის მიუხედავად, სუპერ ფრენკიმ მოღვაწეობის სტაბილურად გაგრძელება ვერ შეძლო.

მას შემდეგ, რაც ლონდონელებმა დეკემბერი ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყეს, 11 მატჩიდან მხოლოდ ოთხჯერ მოახერხეს მეტოქის დამწუხრება ( ყველა ტურნირის მასშტაბით). ამ 4 ტრიუმფიდან, "ჩელსიმ" ორ შემთხვევაში ასოციაციის თასზე დაბალლიგელები დაჩაგრა, ხოლო ერთხელაც პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის თავდადებულ "ფულჰემს" აჯობა.

  გ+ გ- გ=
ჩელსი 19 8 5 6 33 23 +10 29

"ჩელსის" მდგომარეობა პრემიერ ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ.

სეზონის გადასარჩენად, დასავლეთ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო - ინგლისელ ლეგენდას დაემშვიდობა, მომდევნო დღეს კი ტომას ტუხელი წარადგინა.

უნდა ველოდოთ თუ არა ბლიცკრიგს "გერმანელი ფიურერისგან" და შეუძლია თუ არა მას "სტემფორდ ბრიჯზე" თავისი კვალის დატოვება - ეს არის ის შეკითხვები, რომლებიც ამჟამად ყველა "არისტოკრატის" თავში ტრიალებს.

ტაქტიკა და თამაშის სტილი

იურგენ კლოპის და პეპ გუარდიოლას მიქსი 

ბუნდესლიგის ცხრილის შუაში მყოფი "მაინციდან" ტუხელი გერმანული ფეხბურთის ელიტაში აღმოჩნდა და თავისი კვალი "დორტმუნდშიც" დატოვა. მოლოდინები საკმაოდ სერიოზული იყო, განსაკუთრებით, როცა საქმე თამაშის სტილზე მიდგა. მატჩის სადავეებზე ორიენტირებული ტუხელი ნამდვილად მოგაგონებთ პეპ გუარდიოლას. 

კლოპის "მძიმე მეტალის" საფეხბურთო სისტემა, ასევე მატჩის სრულ კონტროლზეა აგებული, მისთვის ფრთხილი ზეწოლა მეტოქეზე და დომინაციის შორიდან ხელში ჩაგდება მთავარი მახასიათებელია. ნახევარდაცვას აღნიშნულ სქემაში მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ტომასის მთავარი დასაყრდენნიც სწორედ ისინი არიან.

მჭიდრო ნახევარდაცვას ბურთთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ტუხელს აღუნიშნავს, რომ მისმა გუნდმა ბურთი დაკარგვიდან ძალიან სწრაფად უნდა დაიბრუნოს და მეტოქეს კარგი პრესინგი შესთავაზოს. უბურთოდ მყოფი ნახევარმცველების აგრესია, როგორც მასთან, კლოპის სქემაშიც მნიშვნელოვანია.

  მატჩი მოგება ფრე წაგება
მაინცი 183 72 45 66
დორტმუნდი 107 69 20 18
პსჟ 127 96 11 20

ტომას ტუხელის შედეგები მის წინა კლუბებში.

დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტუხელი დიდ ყურადღებას აქცევს განაპირა მცველების როლს გუნდში. ტომასი კმაყოფილია, როცა მისი მცველები წარმატებით მიიწევენ შეტევაში ისე, რომ შემტევებს კიდევ უფრო ახლოს თამაშის საშუალება მიეცეთ მეტოქის კართან. მნიშვნელოვანია, რომ განაპირა მცველს, რომელიც ამ როლს მოირგებს, კარგი აგრესიული მანერები გააჩნდეს.

იურგენ კლოპის სათამაშო ტაქტიკაში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდრიუ რობერტსონი უდიდესი შემოქმედები არიან. გუარდიოლას მცველების როლი კი შედარებით განსხვავებულია და ისინი, ძირითადად, ნახევარდაცვას ეხმარებიან.

ეს თვისებები უხვადაა რის ჯეიმსსა და ბენ ჩილველში. გარდა ამისა, არც მივიწყებული მარკოს ალონსო არ უნდა გამოგვრჩეს. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ "ვულვზთან" თამაშში კალუმ ჰადსონ-ოდოი ვინგბექად მოგვევლინა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტუხელს მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. 

ტაქტიკური მოქნილობა

იურგენ კლოპზე და პეპ გუარდიოლაზე საუბრისას ტომას ტუხელის მათთან მსგავსების ფაქტები გამოვყავით. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ნიშნებიც, რაც მას სხვა სპეციალისტებისგან განასხვავებს. მაშინ, როცა კლოპი და პეპი, უმეტეს შემთხვევაში, ჯიუტად რჩებიან 4-3-3 სქემის ერთგულნი, "ჩელსის" ახალ თავკაცს გონებაში მრავალფეროვანი იდეები უტრიალებს. 4-2-3-1, 4-3-3, 4-4-2, და 3-4-3 ის ტაქტიკებია, რომლებსაც ტუხელი პრაქტიკაში წარმატებით იყენებს.

"დორტმუნდში" მუშაობის დროს 4-2-3-1 და 4-1-4-1 წყობები, ტუხელისთვის შეუცვლელი იყო. მიუხედავად ამისა, "პსჟ"-ს ჩაბარების შემდეგ, იგი მარტივად გადაეწყო 4-3-3 სქემაზე. ისეთი ვარსკვლავების პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად, როგორებიც კილიან მბაპე, ედისონ კავანი და ნეიმარი არიან, ტომასმა სხვადასხვა დროს 4-2-2-2, 3-5-2 და 4-1-3-2 ტაქტიკები მოარგო ფრანგულ გიგანტს, რითაც საკუთარი ტაქტიკის ვარიაბელობა დაამტკიცა.

ბურთის ფლობა 78%
სულ პასები 898
პასების სიზუსტე 93%

"ჩელსი" 0:0 "ვულვზი"

თავისი უნარები ტომას ტუხელმა "ჩელსიში" პირველივე შეხვედრაში გამოავლინა. სანამ ქომაგები ტრადიციულ 4-3-3 წყობას ელოდნენ, "ლურჯები" 3-4-2-1 ტაქტიკით გამოვიდნენ მინდორზე, რამაც კაი ჰავერცს და ჰაკიმ ზიეჩს სრული თავისუფლება მისცა. გარდა ამისა, ვიხილეთ კალუმ ჰადსონ-ოდოის შესაძლებლობები ვინგბექის პოზიციაზე.

კრისტიან პულისიჩთან და მეისონ მაუნტთან ერთად, არ უნდა გაგვიკვირდეს 4-2-3-1 სქემასთან დაბრუნება სამომავლოდ. ტუხელს ნამდვილად შეუძლია საჭიროების შემთხვევაში გუნდის სრული ტაქტიკური გადალაგება. თავისუფლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ სეზონის ძალიან საინტერესო ნაწილი გველოდება.

მივიწყებულთა სულის შთამბერავი

ტუხელის დარიგებული "ჩელსის" პირველმა თამაშმაც ნათლად აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი ზოგიერთი ფეხბურთელისთვის, შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. მაგალითად, ანტონიო რუდიგერი ტომასის პირველი არჩევანი გამოდგა ტიაგო სილვასთან ერთად დაცვის ცენტრში.

კაპიტანი სეზარ აზპილიკუეტაც მნიშვნელოვან როლს მიიღებს, როდესაც გუნდი სამი ცენტრალური დამცველით გადაწყვეტს თამაშს. გარდა ამისა, ჟორჟინიოს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ტუხელის ტაქტიკაში, ვინაიდან იტალიელი ნახევარმცველი ბურთის კარგად დამჭერი შუახაზელია. 

ბურთთან შეხება 147
ზუსტი გადაცემა 132
პასების სიზუსტე 95%
გამამწვავებელი პასი 1

ჟორჟინიოს სტატისტიკა "ვულვზის" წინააღმდეგ

თანამემამულეები ახლა ტუხელის მთავარი სადარდებელი გახდება. ჰავერცისგან და ვერნერისგან ყველა ელოდება გაცემული ავანსების გამართლებას. "ვულვზთან" მატჩში კაიმ შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

ტიმო ვერნერს ჯერ კიდევ არაფერი დაუმტკიცებია. გამომდინარე იქედან, რომ ტუხელი 4-4-2 და 4-2-2-2 სქემებით თამაშს არ თაკილობს, მალე საქმეში კარგი გერმანული შეტევაც უნდა ვიხილოთ. ასეა თუ ისე, ახალი მწვრთნელისგან ფეხბურთელების გამოცოცხლებას ველოდებით. 

მებრძოლი მწვრთნელი სრულყოფილების ძიებაში

ტომას ტუხელი მებრძოლი ადამიანია და თავისი იდეების განსახორციელებლად ყველაფრის გასაღებად მზადაა. თავისი საქმის პროფესიონალი თავის დამსაქმებლებთან დაპირისპირებასაც არ ერიდება სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე. აღსანიშნავია, რომ იგი "დორტმუნდიდან" და "პსჟ"-დან სწორედ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დაითხოვეს.

ტრიუმფის იდეით შეპყრობილს, გონება სხვადასხვა ორიგინალური აზრებითაც აქვს სავსე. თავის ვარჯიშებზე ტუხელი პატარა ზომის ბურთებს იყენებს, რათა ფეხბურთელები ბურთის კონტროლში კარგად გაწაფოს. 

კლაუდიო რანიერი 2000-2004
ჟოზე მოურინიო 2004-2007
ავრამ გრანტი 2007-2008
ფელიპე სკოლარი 2008-2009
გუს ჰიდინკი 2009-2009
კარლო ანჩელოტი 2009-2011
ანდრე ვილაშ-ბოაში 2011-2012
რობერტო დი მატეო 2012-2012
რაფაელ ბენიტესი 2012-2013
ჟოზე მოურინიო 2013-2015
გუს ჰიდინკი 2015-2016
ანტონიო კონტე 2016-2018
მაურისიო სარი 2018-2019
ფრენკ ლამპარდი 2019-2021
ტომას ტუხელი 2021-

"ჩელსიმ" ოცდამეეერთე საუკუნეში 15 მწვრთნელი გამოიცვალა.

მიუხედავად ყველაფრისა, ხელმძღვანელობის წინააღმდეგ წასვლას ტუხელი უნდა გადაეჩვიოს. "ჩელსის" დამრიგებლებთან განშორება ნამდვილად არ უჭირს და ცვლილებებისთვის ყოველთვის მზადაა. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მიზეზიც კი იყოს იმის, რომ დასავლეთ ლონდონელებმა მას მხოლოდ 18 თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ამჟამად, ტუხელი უკანასკნელია, ვინც მსოფლიო დონის პრემიერ ლიგის მწვრთნელების ოჯახს შეუერთდა და "ჩელსის" ქომაგებსაც ოპტიმიზმის საფუძვლები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ფანების საყვარელი ფრენკ ლამპარდი უმუშევარი და შეურაცხყოფილი დარჩა.

ასე და ამგვარად, ტომას ტუხელისგან ბლიცკრიგს, ანუ ელვისებურ ომს უნდა ველოდოთ.

2 თვის წინ
339 / 0
ავთო გრიგოლაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ